EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ნინა სუბლატი საქართველოს 2015 წლის ევროფესტივალზე წარადგენს

ნინა სუბლატი საქართველოს 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, სიმღერით Warrior. 

ევროვიზიის მე-60  კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაცემა "კომუნიკატორში" გახდა ცნობილი. ნინა სუბლატი მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხუთ კონკურსანტს შორის შეარჩია. 

ნინა სუბლატი - არტისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი. დაიბადა 1995 წლის 31 იანვარს ქ. მოსკოვში. 

2005 წელს დაამთავრა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ეუფლებოდა ხატვას, გრაფიკას, ქანდაკებას. მისმა ნამუშევრებმა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა. 

2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს სპეციალობით. 2009 წელს შეთავაზება მიიღო სამოდელო სააგენტოდან, სადაც გააფორმა კონტრაქტი - როგორც მთავარმა მოდელმა და წლების განმავლობაში იმუშავა ცნობილ დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან. 

2010 -2011 წლებში ნინა მოღვაწეობდა სხვადასხვა ბენდთან ერთად და ატარებდა კონცერტებს საქართველოს მასშტაბით. 

2011 წელს ნინამ დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა მომღერალ ბერასთან, ასევე, ნიუ იორკიდან, ლოს ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ, ნინა უფრო საფუძვლიანად დაეუფლა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ. 

2013 წელს ნინამ  მონაწილეობა მიიღო პროექტში "საქართველოს ვარსკვლავი", სადაც  მუშაობდა "ბრავო ბენდთან" და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან. ნინა გახდა პროექტის გამარჯვებული და პრიზის სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსის უმაღლეს საფეხურზე. 

2013 წელს ნინამ ჩააბარა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინის კურსზე. 

2014 წელს ნინა მონაწილეობდა ქართულ მიუზიკლში "ლურჯი ფრინველი" (დამდგმელი რეჟისორი დავით დოიჯაშვილი). 

2014 წელს ნინამ ითანამშრომლა Bravo Records-თან, სადაც ჩაწერა სადებიუტო ალბომი Dare To Be Nina Sublatti.  ალბომი მაშინვე მოექცა ჩარტების სათავეებში, გახდა ყველაზე გაყიდვადი ქართული ალბომი; ამას მოჰყვა ტურნე საქართველოს მასშტაბით. 

ნინა საკუთარ სტუდიაში მუშაობს მეორე ალბომზე, რომელიც 2015 წელს გაიყიდება. ალბომის მხარდასაჭერად უკვე დაგეგმილია რამდენიმე კონცერტი საზღვარგარეთ. ალბომში შესული ყველა კომპოზიციის, მუსიკის, ტექსტისა და არანჟირების ავტორი თავად ნინა არის. 

2014 წლიდან ნინა სწავლობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 

2014 წლიდან ნინა მუშაობს მუსიკალურ სკოლაში "თინ ქლაბი", სადაც ახლგაზრდა შემსრულებლებს არტისტებად ჩამოყალიბებაში ეხმარება.