
თამარა გაჩეჩილაძის საიმიჯო ფოტოები გიორგი ცაავამ გადაიღო
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის თამარა გაჩეჩილაძის საიმიჯო ფოტოები გიორგი ცაავამ გადაიღო. ფოტოები ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჟურნალებში გამოქვეყნდება.
გიორგი ცაავა - ფოტოხელოვნებას იური მეჩითოვის ფოტოსახელოსნოში ეუფლებოდა. 2010-2014 წლებში მუშაობდა კომპანია "ბრავო რექორდსში", მისი მონაწილეობით შეიქმნა ალბომები: The Shin - "არაჩვეულებრივი გამოფენა", ოთო ნემსაძე - "ფიქრების ზღვა", სამორი ბალდე და ჯგუფი "გონივრული მოძრაობა"- "ძველი რესურსი", "მე ვხედავ მზეს", ჯგუფი Eldrine - "ბოლომდე", დათო არჩვაძე - "ეს ქალაქია".
2011 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია "იმედში" მეგაპროექტების ფოტოგრაფად, მათ შორისაა: "ცეკვავენ ვარსკვლავები" (I-VI სეზონი), "ორი ვარსკვლავი", The Voice Georgia, "ერთი ერთში", "შენ შეგიძლია ცეკვა".
2013 წელს გიორგი ცაავამ დააარსა ახალგაზრდული კულტურული ორგანიზაცია GTS და განახორციელა სამი ფოტოპროექტი -"ჩემი პირველი ახალი წელი", "9" (მიძღვნილი შშმ ქალბატონებისადმი) და "სოციალური მეწარმეობის დოკუმენტალისტიკა საქართველოში". უკანასკნელი ორი პროექტის ფარგლებში მოეწყო გიორგი ცაავას პერსონალური ფოტოგამოფენა.