ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში ევროვიზიის სატელიტური ქსელის მეშვეობით გადაიცემა. გრანდიოზულ სანახაობას ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 200 მლნ-ზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს.
შექმნის იდეა
კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU) მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა, იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი კი კონკურსის მოდელად იქცა. იდეის ავტორი, EBU-ს ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე, სატელევიზიო მაუწყებლობების არსებული ტექნოლოგიების გამოცდას ასახელებს.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა (სწორედ შვეიცარიაში, ჟენევაშია EBU - ს შტაბბინა) და მასში მხოლოდ 7-მა ქვეყანამ: შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა და იტალიამ - მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვმა 40-ს გადააჭარბა.
1956 წელს კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი ლიზ ასია (Lys Assia), სიმღერით Refrain (მისამღერი).
გამოჩენილი გამარჯვებულები
ევროვიზიის სიმღერის კონკურსში სხვადასხვა წლებში ბევრი ლეგენდარული მუსიკოსი მონაწილეობდა. ზოგიერთმა მომღერალმა კი კონკურსში მონაწილეობის შემდეგ პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მონაწილეები იყვნენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან: 1974 წლის კონკურსში გამარჯვებული ABBA (შვედეთი), სიმღერით Waterloo, 1988 წლის კონკურსში გამარჯვებული Celine Dion (შვეიცარია), სიმღერით Ne partez pas sans moi, 1990 წლის კონკურსში გამარჯვებული Toto Cutugno (იტალია), სიმღერით Insieme: 1992 და სხვები.
1974 წლის ევროფესტივალის აღმოჩენა შვედური ჯგუფი ABBA გახდა . დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროფესტივალზე ჯგუფმა გამარჯვება საკონკურსო სიმღერით Waterloo დაიმსახურა.
ირლანდიაში შემდგარი 1988 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული სელენ დიონი გახდა. ვარსკვლავი კონკურსზე შვეიცარიის სახელით მონაწილეობდა და Ne partez pas sans moi შეასრულა.
1990 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი ცნობილი მომღერალი Toto Cutugno გახდა, საკონკუროს სიმღერით Insieme: 1992.
1970 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ესპანეთის სახელით მონაწილეობდა იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ უცნობი, ხოლო მოგვიანებით კერპად აღიარებული ჰულიო იგლესიესი. შემსრულებელმა ნიდერლანდეში გამართულ მე-15 ევროფესტივალზე, საკონკურსო სიმღერით Gwendolyne მეოთხე ადგილი დაიმსახურა.
ვარსკვლავური წყვილი ალბანო და რომინა პაუერი ევროფესტივალზე იტალიის სახელით 1976-სა და 1985 წლებში მონაწილეობდანენ. 1976 წლის ევროფესტივალზე ალ ბანომ და რომინამ სიმღერით We'll Live It All Again მეშვიდე ადგილი დაიმსახურეს.
1985 წელს შვედეთში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე წყვილმა, საკონკურსო სიმღერა Magic, Oh Magic შეასრულა.
ჯონი ლოგანი - ევროვიზიის ყველაზე წარმატებული მონაწილე
ავტრალიაში დაბადებული, ირლანდიელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ჯონი ლოგანი ევროვიზიის კონკურსების ყველაზე წარმატებული მომღერალია. ევროვიზიის კონკურსებში ის 1970 წლიდან მონაწილეობდა . ევროფესტივალის გამარჯვებული 1980 და 1987 წლებში გახდა; ასევე, მოიგო კონკურსი როგორც საკონკურსო სიმღერის კომპოზიტორმა 1987 და 1992 წლებში. 1984 წელს მისმა შექმნილმა სიმღერამ ევროფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.
ირლანდიის წარმომადგენელი ჯონი ლოგანი 1980 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული გახდა, სიმღერით What's Another Year.
საკონკურსო სიმღერით Hold Me Now მან ევროფესტივალის გამარჯვებულის ტიტული 1987 წელსაც დაიმსახურა.