საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2017 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის საკონკურსო სიმღერის პრემიერა დღეს შედგა

გრიგოლ ყიფშიძე  2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს სიმღერით „გულის ხმა“ წარადგენს. საკონკურსო სიმღერის პრემიერა დღეს პირველი არხის ეთერში შედგა.  

კომპოზიციის „გულის ხმა“ ავტორი არის გიგა კუხიანიძე, ხოლო ტექსტის ავტორი - თემო საჯაია.

სიმღერის სასცენო ვერსიის გადაღება პირველი არხის მთავარ პავილიონში მიმდინარეობდა.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე და საკონკურსო კომპოზიცია, რომლითაც გრიგოლ ყიფშიძე მაყურებლის წინაშე 26 ნოემბერს წარსდგება ჟიურიმ შეარჩია.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი. გამარჯვებული სიმღერა ღია კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა. შეფასებისას ჟიურის წევრებისთვის კომპოზიციის ავტორთა ვინაობა არ იყო ცნობილი.

სამი გამარჯვების შემდეგ, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.