საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზია 2017- ის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილია - ჟიურიმ 7 მონაწილეს შორის გრიგოლ ყიფშიძე შეარჩია

საბავშვო ევროვიზია 2017-ის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილია. შიდა შესარჩევი კონკურსის შედეგად ჟიურიმ 7 მონაწილეს შორის გრიგოლ ყიფშიძე შეარჩია. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის კონკურსანტის შესარჩევად კონკურსი 17 ივლისს გამოაცხადა. განაცხადების შემოტანა 9-დან 14 წლამდე ბავშვებს შეეძლოთ. 

საკუთარი რეპერტუარიდან ერთი სიმღერა კონკურსში მონაწილეობის მსურველებს პირველ სექტემბრამდე უნდა წარმოედგინათ. 

ღია მოსმენა მაუწყებლის სტუდიაში გაიმართა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ პროდიუსერი ზაზა შენგელია, მომღერალი მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი დავით ევგენიძე, მაუწყებლის მუსიკალური რედაქტორი ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი გიორგი ასანიშვილი. 

გრიგოლ ყიფშიძისთვის დაიწერება ახალი სიმღერა. სიმღერის შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი კომპოზიტორებისთვის. საბავშვო ევროვიზიის რიგით მეთხუთმეტე კონკურსი საქართველოში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება.