საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, დღეს გახდება ცნობილი

დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2017-ზე, რომელიც წელს პირველად თბილისში გაიმართება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში რამდენიმე წუთში კომპეტენტური ჟიური კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს მოუსმენს. მონაწილეები საკუთარი რეპერტუარიდან თითო სიმღერას შეასრულებენ.

კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.

საბავშვო ევროვიზია 2017-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ბონელო უკვე 4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და 2014 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საბავშვო ევროკონკურსის მასშტაბურ შოუს დგამს. 

ასევე, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება შოუს წამყვანების ვინაობაც. კასტინგი გორდონ ბონელომ პროექტის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩაატარა. 

საბავშვო ევროვიზია 2017 საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით მზეო.