საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა ცნობილი 8 სექტემბერს გახდება

8 სექტემბერს სპეციალური ჟიური 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელს გამოავლენს.  

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალისთვის მონაწილის შესარჩევად კონკურსი 17 ივლისს გამოაცხადა. განაცხადის შემოტანა 9-დან 14 წლამდე ბავშვებს შეეძლოთ. მსურველებს პირველ სექტემბრამდე უნდა წარმოედგინათ ერთი სიმღერა თავისი რეპერტუარიდან.

კონკურსანტების ღია მოსმენა პირველი არხის პავილიონში გაიმართება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება. კომპოზიციის შესარჩევად ასევე გამოცხადდება კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ყველა კომპოზიტორს ექნება შანსი შექმნას კომპოზიცია საქართველოს წარმომადგენლისთვის.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.