საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

სავიზიტო ვიდეორგოლები 2017 წლის საბავშვო ევროვიზიისთვის!

გრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები „საბავშვო ევროვიზია 2017-სთვის", რომელიც თბილისში, ნოემბერში, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.

სავიზიტო ვიდეორგოლებს ევროპული სატელევიზიო შოუსთვის წელს, რეჟისორი ზაზა ორაშვილი და მისი გადამღები ჯგუფი იღებს.

16 ვიდეორგოლს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღებენ, რომელთა მიზანია ევროპელ მაყურებელს საქართველო, მისი კულტურა და ქართველი ხალხი გააცნოს.

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის პროდიუსერი სერგი გვარჯალაძე აცხადებს, რომ ვიდეობარათები განსაკუთრებულ მანერაში იქნება გადაღებული და იმედოვნებს, რომ მაყურებელს დაამახსოვრდება.

პროექტის პირველი ეტაპი აჭარაში და იმერეთში უკვე დასრულებულია. გადამღები ჯგუფი ამჟამად სვანეთში მუშაობს. საიმიჯო ვიდეორგოლებში ქართველი გამოჩენილი ადამიანები, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, მიიღებენ მონაწილეობას. იგეგმება მარიამ მამადაშვილის, შარშანდელი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის გადაღებაც, რომელიც შოუშიც მიიღებს მონაწილეობას.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია 26 ნოემბერს არის დაგეგმილი. ის საქართველოსა და 14 ევროპული ქვეყნის გარდა, ავსტრალიაშიც გადაიცემა.