საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

რამდენიმე საათი ევროვიზიის ნახევარფინალამდე - თამარა გაჩეჩილაძე მეორე ნომრად გამოვა

ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე დღეს, 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგება. კონკურსის დასასრულს გაირკვევა, გადავა თუ არა ქართველი მონაწილე ფინალში. 

პირველი ნახევარფინალის მონაწილეები საერთაშორისო ჟიურიმ გუშინ შეაფასა. დღეს კონკურსანტებს მაყურებელი შეაფასებს. შოუს დასასრულს ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები პროპორციულად (პრინციპით 50/50%-ზე) დაჯამდება. პირველი ნახევარფინალის მონაწილე 18 კონკურსანტიდან ფინალში -10 რჩეული შემსრულებელი გადავა. 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 23:00 საათიდან დაიწყება. შოუს მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება ონლაინ სივრცეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.  

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე და ანრი ჯოხაძე გაუძღვებიან. ანრი ჯოხაძე საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია. მან საქართველო ევროფესტივალზე, ბაქოში, 2012 წელს წარადგინა. 

რიგით 62-ე ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალის კონკურსანტები კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ: 

1.შვედეთი

2.საქართველო

3.ავსტრალია

4.ალბანეთი

5.ბელგია

6.მონტენეგრო

7.ფინეთი

8.აზერბაიჯანი

9.პორტუგალია

10.საბერძნეთი

11.პოლონეთი

12.მოლდოვა

13.ისლანდია

14.ჩეხეთის რესპუბლიკა

15.კვიპროსი

16.სომხეთი

17.სლოვენია

18.ლატვია