საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

„ევროვიზია 2017-ის“ ქართველმა მონაწილემ მეორე რეპეტიცია გაიარა

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელმა თამარა გაჩეჩილაძემ კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, ევროფესტივალის სცენაზე მეორე რეპეტიცია დღეს, 4 მაისს გაიარა. 

ქართველი კონკურსანტის სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა. გაჩეჩილაძის სასცენო იმიჯზე ლაშა ჯოხაძემ იზრუნა.



თამარა გაჩეჩილაძემ რეპეტიციის შემდეგ, პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობა დიდი პატივია. ის მოხარულია, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსი წელს საქართველოში გაიმართება.



„ევროვიზია 2017-ის“ ქართველმა მონაწილემ პირველი რეპეტიცია ევროფესტივალის სცენაზე 30 აპრილს გაიარა.

გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.

(eurovision.tv; esckaz.com)