
თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს საელჩოში უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება
2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე უკრაინაში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება. „ევროვიზია 2017-ის“ ქართველი მონაწილე საქართველოს ელჩთან უკრაინაში, მიხეილ უკლებასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუსეთი კონკურსს გამოეთიშა).
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.