EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ნიკა კოჩაროვი ევროვიზიის კონკურსში ევროპას - საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგს გააცნობს

ნიკა კოჩაროვი ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალში, 13 მაისს, ევროპას გააცნობს - საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგს.

ევროვიზიის კონკურსის წესებში, კერძოდ ხმის მიცემის პროცედურაში მნიშვნელოვანი ცვლილება 2016 წელს შევიდა.

წინა წლებში პროფესიონალი ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები ერთად, პრინციპით (50/50%-ზე) იყო წარმოდგენილი. 2016 წლიდან კი  მაყურებლისა და ჟიურის ვერდიქტები შოუს ფინალში ცალ-ცალკე ცხადდება.

ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდგე იწყება და 15 წუთს გრძელდება. თითოეული კონკურსანტი ქვეყნიდან მაყურებელი და ჟიური მონაწილეებს 1-დან  8, 10, 12 - მდე ქულათა სისტემით აფასებენ. შედეგები ცალ-ცალკე ცხადდება. ხმის მიცემის ამ სისტემაში შედეგების შოუს დასრულებამდე პროგნოზირება (წინა კონკურსებისგან განსხვავებით) რთულია. გამარჯვებულის ვინაობას შოუს დასასრულს წამყვანები გაახმიანებენ.

ნიკა კოჩაროვმა საქართველო 2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, ჯგუფ Young Georgian Lolitaz-თან ერთად, წარადგინა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.