საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

"ევროვიზია 2017-ის" პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივზე ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე გაუძღვება. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება. კონცერტების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 

დემეტრე ერგემლიძე 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ეთერს პირველად გასულ წელს უძღვებოდა, როდესაც მარიამ მამადაშვილმა საქართველოს რიგით მესამე გამარჯვება მოუტანა.

დემეტრე ერგემლიძე, 2006 წლიდან, მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოებში, გაზეთებსა და ონლაინ მედიაში. 2011 წელს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტის "პილოტის" მონაწილე. ბოლო წლებში, მუშაობს პირველ საზოგადოებრივსა და საზოგადოებრივ რადიოში კორესპონდენტის, პროდიუსერის და წამყვანის პოზიციებზე. ამჟამად უძღვება სატელევიზიო ჟურნალს "ფერმა" და რადიოგადაცემას საზოგადოებრივი რადიო ერთის დილის ეთერში; აქტიურად თანამშრომლობს ევროვიზიის საპროდიუსერო გუნდთან.

თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს,სიმღერით - Keep the Faith. საქართველოს დელეგაცია კიევში 29 აპრილს გაემგზავრება. თამარა გაჩეჩილაძე პირველ რეპეტიციას 30 აპრილს გაივლის, რის შემდეგაც ჟურნალისტებს შეხვდება. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს.