საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Keep the Faith კლიპის პრეზენტაცია "C სტუდიაში" გაიმართა

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის სიმღერის - Keep the Faith ვიდეორგოლის პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "C სტუდიაში" დღეს გაიმართა.

სიმღერის Keep the Faith ვიდეორგოლის რეჟისორი არის თემურ კვირკველია. ის ევროვიზიის ჯგუფთან მეხუთედ თანამშრომლობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორმა გადაიღო 2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლების, სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის სიმღერის - Waterfall ვიდეორგოლი. მასვე ეკუთვნის 2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეების, ნიკა კოჩაროვისა და ჯგუფის Young Georgian Lolitaz სიმღერის - Midnight Gold კლიპი. ასევე, 2011 წლის ევროფესტივალში საქართველოს საკონკურსო სიმღერის - One More Day კლიპი და 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის - Funky Lemonade ვიდეორგოლი.

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.

საქართველოს დელეგაცია კიევში 29 აპრილს გაემგზავრება. თამარა გაჩეჩილაძე პირველ რეპეტიციას 30 აპრილს გაივლის, რის შემდეგაც ჟურნალისტებს შეხვდება. გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.