საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თამარა გაჩეჩილაძემ სიმღერის Keep the Faith განახლებული ვერსია ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულა

თამარა გაჩეჩილაძემ ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის - Keep the Faith განახლებული ვერსია ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულა. 

ვიზალიბერალიზაციისადმი მიძღვნილი კონცერტი ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. შოუს პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს.

სიმღერის Keep the Faith ავტორები ანრი ჯოხაძე და თამარა გაჩეჩილაძე არიან. Keep the Faith ახალი არანჟირებით „ბრავო სტუდიაში“ ჩაიწერა. ბექ-ვოკალში წარმოდგენილია ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტთა 25-კაციანი გუნდი, ვახტანგ გაბიძაშვილის დირიჟორობით. 

რამდენიმე დღეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სიმღერის Keep the Faith კლიპის პრეზენტაცია შედგება. ვიდეორგოლს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი თემურ კვირკველია იღებს, მუშაობა თითქმის დასრულებულია. 

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. ევროფესტივალში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 9 მაისს, კონცერტის პირველ ნახევარში, იმღერებს.