საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

რა კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება საბავშვო ევროვიზიის საქართველოში ჩატარებას - სერგი გვარჯალაძე „მოამბეში“

საბავშვო ევროვიზია წელს საქართველოში ჩატარდება. დეტალების შესახებ "მოამბესთან" 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა.

„ამ ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ბავშვებისათვის. მათ გასახარებლად კეთდება ეს პროექტი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება ტურიზმისა და ტელეინდუსტრიის განვითარებისთვისაც. მსგავსი შოუ საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მე ვფიქრობ, ჩვენი შოუ გამორჩეული იქნება. ამაში არაერთი ჯგუფი იქნება ჩართული, მათ შორის, უცხოური დელეგაცია", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ. 

ერთ-ერთი მთავარი საკითხი პროექტის ჩასატარებლად საჭირო ფინანსებია. 

სერგი გვარჯალაძის თქმით, კრეატიული მიდგომით ფინანსების მინიმალურ დანახარჯს მივიღებთ. 

"ყველა მსგავსი ღონისძიება გარკვეულ ფინანსურ გამოწვევებს მოითხოვს. ჩვენ გარკვეული გამოცდილება მეზობელი ქვეყნების მაგალითზე უკვე ვიცით. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ეს ძალიან კარგად გავაკეთოთ. ამაში კრეატიული მიდგომა დაგვეხმარება. კრეატივით მინიმალურ დანახარჯებს მივიღებთ“, - აცხადებს გვარჯალაძე. 

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ლოჯისტიკა და ბავშვების უსაფრთხოებაა. "რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს. ქვეყანაში უკვე არის გარკვეული გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების ჩატარების, თუნდაც ახალგაზრდული ოლიმპიადა რომ ავიღოთ", - აცხადებს გვარჯალაძე. 

ყველაზე აქტუალური კითხვაა, სად გაიმართება საბავშვო ევროვიზია საქართველოში. გვარჯალაძის თქმით, საქართველოში ე.წ. ვენიუების პრობლემა არსებობს. თუმცა, 6-დან 10 შენობამდე უკვე შერჩეულია და უახლოეს მომავალში ყველაზე ოპტიმალური მათგანი აირჩევა.