საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ყველაზე ემოციური მომენტი და თამარა გაჩეჩილაძის მიმართვა მაყურებელს

ევროვიზიის კონკურსის საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში გამარჯვებულმა მომღერალმა თამარა გაჩეჩილაძემ შედეგების გამოცხადებისას ემოციები ვერ დამალა.

მან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.


„ჩემი სიმღერა არის იმაზე, რომ რაც უნდა ცუდი მოხდეს ცხოვრებაში, ბოლოში მაინც არის ნათელი. ამიტომ, შეინარჩუნეთ რწმენა“ - მიმართა გაჩეჩილაძემ მაყურებელს. 

თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია, სიმღერით - Keep the Faith სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თამარა გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. 

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.