საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ჯგუფი The Mins - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

ალტერნატიული როკჯგუფი The Mins შეიქმნა ზვიად მღებრიშვილის მიერ, თბილისში, 2011 წლის მარტში. თავდაპირველად ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზვიად მღებრიშვილი (ვოკალი, გიტარა), ზვიადის ძმა - ზაზა მღებრიშვილი (ბას გიტარა, ბექ ვოკალი), შოთა ღვინეფაძე (კლავიში, ბექ ვოკალი) და დანიელ ადიკაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი).

ჯგუფის სახელწოდება ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც წუთები (The Minutes, შემოკლებული ვერსია The Mins).

ჯგუფის ადრეულ მუსიკაში იგრძნობა პროგრესივ როკის გავლენას. ზოგადად, The Mins-ის შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა იქონია ისეთმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან: Muse, Porcupine Tree, 65 Days Of Static, Pink Floyd, Placebo და სხვ.

The Mins-ის პირველი საკონცერტო შესრულება 2011 წლის ოქტომბერს შედგა Altervision Newcomers-ზე.

The Mins-ის აქტიური საკონცერტო შემოქმედება 2013 წლიდან იწყება. ამ პერიოდში ჯგუფის სოლისტი, ზვიად მღებრიშვილი მონაწილეობს სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში "ახალი ხმა" (The Voice Of Georgia). პარალელურად, ჯგუფი მონაწილეობს რამდენიმე ადგილობრივ კონცერტსა და ფესტივალში და უშვებს პირველ ვიდეოკლიპს სიმღერაზე - Blind World; ამავე წელს გამოვიდა მეორე მუსიკალური კლიპი - My Lover Is A Killer.

2014 წელს გამოდის კიდევ ერთი მუსიკალური კლიპი, სახელწოდებით - O.W.L. ჯგუფი გეგმავს პირველ მასშტაბურ სოლო კონცერტს და მენეჯერად აჰყავს მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოცდილი იურისტი - მირიან კულულაშვილი.
2014 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, "ივენთ ჰოლში", ჯგუფი წარმატებით ატარებს პირველ სოლო კონცერტს, სახელწოდებით -  Blind World და გასაყიდად უშვებს ამავე სახელწოდების EP-ს. 2014 წელსვე გამოდის ჯგუფის მეოთხე კლიპი, სიმღერაზე - I Don’t Give a Foot. შემდეგ წელს ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს კონცერტებსა და ფესტივალებში, მათ შორის აღსანიშნავია - Tbilisi Open Air, სადაც The Mins ცნობილი ბრიტანული ჯგუფის The Archive  ე.წ. warm up-ზე გამოდის.

შემდეგ წელს, იცვლება ჯგუფის შემადგენლობა: ჯგუფის წევრებს  ზაზა მღებრიშვილსა და შოთა ღვინეფაძეს ანაცვლებენ ნიკა აბესაძე (ბას გიტარა, ბექ ვოკალი), რომელიც ზვიად მღებრიშვილთან ერთად მუსიკალურ ჯგუფში Sunny Universe უკრავდა და მულტი-ინსტრუმენტალისტი - გიორგი ტეცოშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში). შემადგენლობასთან ერთად, მცირე სახეცვლილებას განიცდის ჯგუფის მუსიკაც და იძენს მეტ თანამედროვე ელემენტს. ამავდროულად, The Mins-ის გამოსვლები უფრო ეფექტური ხდება არამარტო მუსიკალურად, არამედ ვიზუალურადაც, რასაც ჯგუფი წინასწარ დადგმული განათებითა და საკუთარი ვიზუალით ქმნის.

ახალი შემადგენლობით ჯგუფი არაერთ კონცერტსა და ფესტივალებზე გამოდის  თბილისში და რეგიონებში, რომელთაგანაც გამოსარჩევია კონცერტი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, სადაც The Mins ცნობილი ბრიტანული ჯგუფის The Qemists  ე.წ. warm up-ზე უკრავს და აქვე აკეთებს ჯგუფის ახალ სიმღერაზე გადაღებული მუსიკალური კლიპის - Letum პრეზენტაციას.

ჯგუფის ამჟამინდელი შემადგენლობაა:
ზვიად მღებრიშვილი (ვოკალი, გიტარა)
ნიკა აბესაძე (ბასი, ბექ ვოკალი)
დანიელ ადიკაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში, ელექტრო პერკუსიები)
გიორგი ტეცოშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი, კლავიში, ელექტრო პერკუსიები)

საკონკურსო სიმღერა - Crime (კომპოზიტორი - ზვიად მღებრიშვილი)