საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

რატი დურგლიშვილი - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე

დაიბადა 1982 წლის 5 აპრილს.

1999 წელს დაამთავრა ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის სახვითი
განყოფილება.

1999-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ა.ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციით.

იგი ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელოვნებით. 3 წლის ასაკიდან ძერწავდა, ხატავდა, ქმნიდა ხელნაკეთ ნივთებს, მღეროდა, წერდა პატარა ნოველებსა და ლექსებს.

1989 წლიდან რატი იყო ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ "მთიების" სოლისტი. ჰქონდა უამრავი გასტროლი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, მოლდავეთში, რუმინეთში და სხვ.

1999 წელს დაიდგა ინგლისურენოვანი საბავშვო ოპერა "კონკია", რომლის ინიციატორიც იყო გაეროს მისიით მოვლინებული, მრავალი ოპერისა და ბალეტის ავტორი ლიდია ვესტი. საბავშვო ოპერაში რატიმ განასახიერა მთავარი გმირი, პრინცი რიჩარდი და მიიღო იუნისეფის სერთიპიკატი.

სიმღერის პარალელურად, იგი აქტიურად იყო დაკავებული მხატვრობით. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი მოხვდა 2000 წლისადმი მიძღვნილი საბავშვო კალენდარის ფურცლებზე. ხოლო მისი უსაყვარლესი ნახატი "ბურუსი" ინახება აშშ-ს ნიუ იორკის ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზის მუზეუმში. მას გაფორმებული აქვს პოეტ ნატო გოგიშვილის ლექსების ორი კრებული.

აკადემიაში სწავლის პარალელურად, მღეროდა თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ბარ "ტუკან-ში". მუშაობდა საკუთარ სტუდიაში - წერდა სიმღერებს და აკეთებდა არანჟირებებს. ამავე პერიოდში მღეროდა საქართველოს ცნობილი ვარსკვლავის - ლელა წურწუმიას ბექ-ვოკალში. ალექსანდრე ბასილაიას საიუბილეო კონცერტისათვის ჩაიწერა დუეტი ლელა წურწუმიასა და რატი დურგლიშილის მონაწილეობით. 2007 წელს რატიმ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტ "იმედის ტალღა 3-ში", რომელშიც მოიპოვა გამარჯვება და გახდა ჟიურის რჩეული. ამავე წელს რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის მონაწილეობით შეიქმნა დუეტი "ჯორჯია". 2008 წელს დუეტი "ჯორჯია" საქართველოს სახელით წარდგა საერთაშრისო მუსიკალურ კონკურს "ახალი ტალღა 2008-ში", სადაც დუეტმა მოიპოვა პირველი ადგილი. კონკურსზე, დუეტის მიერ შესრულებული საფინალო სიმღერა In Love We Swim სწორედ რატის დაწერილი იყო. გამარჯვებულ დუეტის წევრებს, გადაეცათ ღირსების ორდენები.

2011წელს ლატვიაში, საკონცერტო დარბაზ "ზინტერის" წინ გაიხსნა დუეტ "ჯორჯიას" ვარსკვლავი. დუეტმა განვლო წარმატებული შემოქმედებითი გზა, ხალხის დიდი სიყვარულით, უამრავი კონცერტით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, საბერძნეთში (ქართველ ებრაელთა კავშირის კონცერტი), ინგლისში და სერბეთში, სადაც დუეტმა შეასრულა ჰიმნი და წარმოაჩინა საქართველო.

ამჟამად რატი დურგლიშვილი დაკავებულია სოლო კარიერით. მუშაობს საკუთარ ალბომზე, რომელშიც იგი გვევლინება ავტორ-შემსრულებლად. 2014, 2015 და 2016 წლებში შედგა რატის საავტორო სიმღერებისა და ვიდეორგოლების პრემიერა ("ქაღალდის ნავი", "იგრძენი სივრცე", “მითხარი ვინ ხარ” , Crazy და სხვ.).

საკონკურსო სიმღერა - Why (კომპოზიტორი - რატი დურგლიშვილი)