საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებულია

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. მან 239 ქულა მოიპოვა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით. 

გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. 

მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.

შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.

საკონკურსო სიმღერაზე "მზეო" მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. 

ემოციური დასასრული - გამარჯვებული სიმღერა "მზეო" სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა.