საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

„საბავშვო ევროვიზია 2016-ზე" საქართველოს მარიამ მამადაშვილი წარადგენს

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს 10 წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილონში მოსმენა გაიმართა. კონკურსანტი კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია.

ჟიურის წევრები იყვნენ: რუსუდან ბახტაძე (ვოკალის პედაგოგი), ნატო დუმბაძე (პროდიუსერი), ზაზა ორაშვილი (რეჟისორი), ნიკა კოჩაროვი (მომღერალი), ლიზი პოპი (მომღერალი, საბავშვო ევროვიზიის მონაწილე). არჩევანის გაკეთება მათ ორ კონკურსანტს - მარიამ მამადაშვილსა და 14 წლის, ლუკა კაჭარავას შორის მოუწიათ, საბოლოოდ არჩევანი მამადაშვილზე შეაჩერეს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი 15 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, ვინც სპეციალურად კონკურსისთვის დაწერილ სიმღერას წარმოადგენდა.

პირველ ეტაპზე შემოსული განაცხადებიდან 10 კონკურსანტი შეირჩა. საბოლოოდ კი არჩევანი ორ მათგანზე შეჩერდა.

საკონკურსო სიმღერაზე მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ იმუშავა. სიმღერის პრემიერას მაყურებელი უახლოეს პერიოდში, პირველი არხის ეთერში, იხილავს.

მარიამ მამადაშვილი 4 წლიდან მღერის. სწავლობდა სტუდიაში - „ბზიკებისტუდიო“, ასევე ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა  სხვადასხვა კონცერტებსა და სატელევიზიო შოუებში.

2014 წელს ათონელის თეატრში დადგმულ სპექტაკლში „ანა და მე“ შეასრულა პრინცესას როლი.

2015 წლიდან მარიამ მამადაშვილი ცხოვრობს აშშ-ში და სწავლობს Tomlinson Middle School-ის VI კლასში.

2015 წლის სექტემბრიდან ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც დღემდე ეუფლება ვოკალს, ცეკვას და სამსახიობო ოსტატობას.