EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ნინა სუბლატი ევროვიზიის კონკურსში ევროპას - საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგს გააცნობს

ნინა სუბლატი ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსში ევროპას საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგს გააცნობს.

2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ხმის მიცემის პროცედურაში.

წინა წლებში პროფესიონალი ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები ერთიანად, პრინციპით (50/50%-ზე) იყო წარმოდგენილი. წელს კი მაყურებლისა და ჟიურის ვერდიქტები შოუს ფინალში ცალ-ცალკე გამოცხადდება. 

ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდგე დაიწყება და 15 წუთს გაგრძელდება. თითოეული კონკურსანტი ქვეყნიდან მაყურებელი და ჟიური შეაფასებენ მონაწილეებს 1-დან  8, 10, 12 - მდე ქულათა სისტემით. შედეგები ცალ-ცალკე გამოცხადდება.

ხმის მიცემის ამ გართულებულ სისტემაში შედეგების შოუს დასრულებამდე პროგნოზირება (წინა კონკურსებისგან განსხვავებით) რთული იქნება. გამარჯვებულის ვინაობას შოუს დასასრულს წამყვანები გაახმიანებენ. 

ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold, მაყურებლის წინაშე კონკურსის ფინალში, 14 მაისს, წარდგებიან.

კონკურსს წელს სტოკჰოლმი, შვედეთი მასპინძლობს.

2016 წლის ევროფესტივალის ფინალის პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხზე" 23:00 საათიდან (ადგილობრივი დროით) განხორციელდება.


ნინა სუბლატმა საქართველო 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სიმღერით Warrior, რომელიც თავად შექმნა. მომღერალმა კონკურსზე მე-11 ადგილი დაიკავა. 

ნინა სუბლატი - არტისტი, კომპოზიტორი, პედაგოგი. 

დაიბადა 1995 წლის 31 იანვარს ქ. მოსკოვში. 

2005 წელს დაამთავრა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ეუფლებოდა ხატვას, გრაფიკას, ქანდაკებას. მისმა ნამუშევრებმა რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვა. 

2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს სპეციალობით. 2009 წელს შეთავაზება მიიღო სამოდელო სააგენტოდან, სადაც გააფორმა კონტრაქტი - როგორც მთავარმა მოდელმა და წლების განმავლობაში იმუშავა ცნობილ დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან. 

2010 -2011 წლებში ნინა მოღვაწეობდა სხვადასხვა ბენდთან ერთად და ატარებდა კონცერტებს საქართველოს მასშტაბით. 

2011 წელს ნინამ დაიწყო თანამშრომლობა Georgian Dream Studio-სთან, სადაც მუშაობდა მომღერალ ბერასთან, ასევე, ნიუ იორკიდან, ლოს ანჯელესიდან და ლონდონიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ, ნინა უფრო საფუძვლიანად დაეუფლა მუსიკის ისტორიას, თეორიას, ვოკალის ტექნიკას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას და ა.შ. 

2013 წელს ნინამ  მონაწილეობა მიიღო პროექტში "საქართველოს ვარსკვლავი", სადაც  მუშაობდა "ბრავო ბენდთან" და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან. ნინა გახდა პროექტის გამარჯვებული და პრიზის სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსის უმაღლეს საფეხურზე. 

2013 წელს ნინამ ჩააბარა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიაში, ინტერიერის დიზაინის კურსზე. 

2014 წელს ნინა მონაწილეობდა ქართულ მიუზიკლში "ლურჯი ფრინველი" (დამდგმელი რეჟისორი დავით დოიჯაშვილი). 

2014 წელს ნინამ ითანამშრომლა Bravo Records-თან, სადაც ჩაწერა სადებიუტო ალბომი Dare To Be Nina Sublatti.  ალბომი მაშინვე მოექცა ჩარტების სათავეებში, გახდა ყველაზე გაყიდვადი ქართული ალბომი; ამას მოჰყვა ტურნე საქართველოს მასშტაბით. 

2014 წლიდან ნინა სწავლობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 

ნინა საკუთარ სტუდიაში მუშაობს მეორე ალბომზე. ალბომში შესული ყველა კომპოზიციის, მუსიკის, ტექსტისა და არანჟირების ავტორი თავად ნინა არის.

ამჟამად, ნინა სუბლატი არის "X - ფაქტორის" ჟიურის წევრი.

Midnight Gold - ამ სიმღერით წარდგებიან ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz ევროვიზიის რიგით 61-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუმინეთი კონკურსს გამოეთიშა). ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.